საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოსა (GREA) და ქისთოუნ დეველოპმენტს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რის შედეგადაც კომპანიის კომერციულ მიმართულებას GREA უხელმძღვანელებს.
ქისთოუნ დეველოპმენტი, საინვესტიციო ჰოლდინგის, ქისთოუნ ინვესთმენთსის მიერ დაფუძნებული კომპანიია, რომლის მიზანია საქართველოს უძრავი ქონების პრემიალურ სეგმენტში თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილზე და მოთხოვნებზე მორგებული მულტიფუნქციური პროექტები განვითარება.
კომპანია პირველ მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსსა და ბიზნესცენტრს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კრწანისში (მისამართი: ვახტანგ გორგასალის ქუჩა, N73ა) ააშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მთლიანი სამშენებლო ფართი 110 500 კვ.მ-ია.
„ქისთოუნ დეველოპმენტი ბაზარზე საკმაოდ ამბიციური განაცხადით გამოდის. ჩვენი პირველი პროექტი თავისი მასშტაბითა და განსაკუთრებული არქიტექტურილი იერსახით, ვფიქრობთ, ადვილად მიიქცევს ყურადღებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გვაქვს საკმაოდ დიდი გამოწვევები, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კონცენტრაცია სამშენებლო პროცესებზე გაგვეკეთებინა, ხოლო, პროდუქტის დაგეგმვის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულება გამოცდილი გუნდისთვის ჩაგვებარებინა. ვფიქრობ GREA-სთან ერთად კარგი სინერგია შედგება“ - განაცხადა ქისთოუნ დეველოპმენტის დირექტორმა ლევან ტაბუციძემ.
„გვიხარია რომ ჩვენი პარტნიორობა შედგა. დღეს ჩვენი ამოცანაა შევქნათ ახალი გამორჩეული მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ძველ თბილისში, შევუქმნათ მას განსაკუთრებული იდენტობა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიების გამოყენებით 2025 წელს გავაცნოთ ის ფართო საზოგადოებას.“- განაცხადა GREA-ს (WWW.GREA.GE) დამფუძნებელმა ნინო აბსანძემ.