ჰოლდინგის აგრობიზნეს მიმართულების ბრუნვამ 2025 წელს 20 მილიონ დოლარს მიაღწია. ქისთოუნ აგროპროექტი საქართველოს ბანკის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
ქისთოუნ აგრო თანამშრომლობს მოცვის მცენარეების ისეთ უმსხვილეს მომწოდებლებთან, როგორიცაა Fall Creek და North Bay. ამან კომპანიას საშუალება მისცა, დაენერგა 10 სხვადასხვა ჯიშის მოცვი, რომლებიც განსხვავდება გემოს, შენახვის ვადისა და მოსავლის პერიოდის მიხედვით. ეს ჯიშებია: Sekoya Grande, Sekoya Crunch, Sekoya Fiesta, Duke, Suziblue, Miss Alice Mae, Blue Ribbon, Miss Jackie, Top Shelf და Valor. აღსანიშნავია, რომ ოთხ წელიწადში ქისთოუნ აგროს ბაღები სრულ მოსავლიანობას მიაღწევს.
ქისთოუნ აგრო საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელია. ასოციაცია მოცვის მოყვანის პრაქტიკის დახვეწის და სრულყოფის მიზნით შეიქმნა, რათა მოცვის ქართული ბაზარი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს. ორგანიზაციის თავმჯდომარე - თორნიკე ფანჯავიძე, ამავდროულად ქისთოუნ აგროს დირექტორია.
ქისთოუნ აგროს მოცვს საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო და უსაფრთხოების სერთიფიკატები - Global Gap და GRASP მიენიჭა, რამაც ქართულ პროდუქტს ძალიან მკაცრი და კონკურენტუნარიანი ბაზრებისკენ გაუხსნა გზა. კომპანია ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცუას ახდენს გერმანიაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და ჩინეთში.
პროდუქტზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე დაგეგმილია ბაღების გაზრდა 300 ჰექტარამდე.